​ლაშა დარსალიამ ონლაინ შეხვედრა გამართა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან

2020 წლის 13 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის ელჩთან, ჰელენე სანდ ანდრესენთან და შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ერიკა ილესთან.

საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი მდგომარეობა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას, კორონავირუსის გავრცელების პირობებში, ასევე, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარების აქტიურად განხილვის მნიშვნელობას.

ნორვეგიისა და შვედეთის მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი განუხრელი მხარდაჭერა.