​ლაშა დარსალიამ ონლიაინ შეხვედრა გამართა ბალტიის ქვეყნების ელჩებთან

2020 წლის 11 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის ელჩთან, კაი კაარსელსონთან, ლატვიის ელჩთან, ინგრიდა ლევრენცესთან და ლიეტუვის ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან.

მინისტრის მოადგილემ ელჩებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის, ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით კიდევ უფრო დამძიმებულ ვითარებას კორონავირუსის გავრცელების ფონზე.

ონლაინ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

საუბრისას მინისტრის მოადგილემ ელჩებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ თემებზე კონსულტაციების რეგულარულ ფორმატში გაგრძელებაზე.