​ლაშა დარსალიამ რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის ვიდეო-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ლაშა დარსალიამ რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის ვიდეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
 
2020 წლის 1 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, მონაწილეობა მიღო რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის (IRFA) ვიდეო-კონფერენციაში. შეხვედრას, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცილური წარმომადგენელი სემ ბრაუნბეკი უძღვებოდა. 
 
კონფერენციის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ ზონასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური სიწმინდეების დაცვის საკითხი. ლაშა დარსალიამ საერთაშორისო პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა მოკლებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიურ სიწმინდეებზე წვდომის შესაძლებლობას, მეტიც, ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარი ოჯახის წევრების საფლავების მონახულების შესაძლებლობა, მათ შორის, არც  რელიგიურ დღესასწაულებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზზე მდებარე ტაძრების ეზოებიდან და სასაფლაოებიდან ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების შემთხვევებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიზანმიმართული დაზიანებისა და ავთენტურობის შეცვლის ფაქტებზე, როგორც ქართული კვალის წაშლის უკანონო მცდელობებზე. ლაშა დარსალიამ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე “შავი არქეოლოგიის“ პრობლემატიკის შესახებ. მან ხაზი გაუსვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობას ზემოხსენებული უკანონო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევის შემთხვევებზე.
 
ვიდეო კონფერენციაზე, ასევე, განხილულ იქნა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ალიანსის სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვანი თემატური და საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებზე. დაიგეგმა ამ მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.