​საერთო ევროპული ფასეულობები განაპირობებს ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი -დავით ზალკალიანი


"ევროპის დღის აღნიშვნით ჩვენ ყოველთვის, ხაზს ვუსვამთ საერთო ევროპული ფასეულობების - თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის მნიშვნელობას. ქართველ ერს, ისტორიულად მნიშვნელოვანი  წვლილი აქვს შეტანილი ამ ფასეულობების ფორმირებასა და დაცვაში.


 სწორედ ეს - საერთო ღირებულებები - განაპირობებს  ქართველი ხალხის, ურყევ ნებას - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და სწორედ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციის დღის წესრიგს."-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
 
როგორც მინისტრი აღნიშნავს,ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ საკუთარი ძალისხმევითა და ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების ხელშეწყობით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე და დღეს საქართველოს,როგორც ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყანას  ღირსეული ადგილი უჭირავს რეგიონსა და მსოფლიოში.
 
მინისტრის თქმით, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე კომპლექსური რეფორმებით საქართველო ტრანსფორმირდა წარმატებულ ევროპულ დემოკრატიად.  
ამ მხრივ ხაზგასასმელია,რომ საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით შენგენის სივრცეში; ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაში შეინიშნება მზარდი დინამიკა; საქართველო ასევწ ჩართულია  ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელსა  და  რეგიონისთვის საკვანძო სტრატეგიულ პროექტებში;ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და ეტაპობრივად უახლოვდება ევროკავშირის ენერგეტიკულ სტანდარტებს;ღრმავდება თანამშრომლობა უსაფრთხოების სექტორში; უნიკალური  ფორმატებით უმაღლეს დონეზე ავიდა ევროკავშირთან თანამშრომლობა, მათ შორის გაღრმავდა ურთიერთობები დარგობრივი და სექტორული მიმართულებით; ასევე, მინისტრის განცხადებით,განსაკუთრებულია ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით.
 
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ დღეს,
ურთულესი გლობალური გამოწვევების პირობებში ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით. ზალკალიანის შეფასებით,ევროკავშირის მიერ „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერა, რომელიც მთლიანობაში დაახლოებით 430 მილიონ ევრომდე ფინანსურ დახმარებას მოიცავს ფასდაუდებელია და ევროპული სოლიდარობის  საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
 
"ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ არა მარტო წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს  არამედ გამოვიყენოთ ეს გამოცდილება კიდევ უფრო მჭიდრო და მყარი თანამშრომლობის მექნიზმების შემუშავებისათის."- განაცხადა ზალკალიანმა.
 
დავით ზალკალიანის ინფორმაციითვე,ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგების შესახებ საქართველოს მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით, ევროპის დღეების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად განვახორციელებთ საინფორმაციო კამპანიას „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი საინტერესო ღონისძიება. "იმედი მაქვს, ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან და დაგვეხმარებიან მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია თითოეულ მოქალაქემდე ევროპასთან ინტეგრაციის,  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეების და  ევროპულ ოჯახში დაბრუნების მნიშვნელობის შესახებ."-აღნიშნა ზალკალიანმა.

აღსანიშნავია,რომ 70 წლის წინ 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ხუთი წლის თავზე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა  ევროპის ქვეყნების ერთიან თანამეგობრობაში გაერთიანების იდეა წარმოადგინა, რომელიც მოგვიანებით, დღევანდელი ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა და  საფუძველი ჩაუყარა ევროპის კონტინენტის ერთიან, მშვიდობიან მომავალს.