16.03.2020 თბილისი - საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 18 მარტის 00:00-დან და ძალაში იქნება ორი კვირის განმავლობაში.
შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;
ბ) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა (პირის მეუღლე, შვილი ან მშობელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით);
გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);
დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები;
ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;
ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები;
ზ) ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად;
თ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლები, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალი, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები.