​ვახტანგ მახარობლიშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან

2020 წლის 19 მაისს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ვიდეო-შეხვედრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ენრიკე მორასთან.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელს მოკლედ გააცნო საქართველოში არსებული ვითარება კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლისა და მთავრობის მიერ მიღებული ზომების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გლობალური პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად მიღებულ დამატებით ზომებსა და ინიციატივებზე. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ევროკავშირის მიერ პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის.
 
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს, ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობასა და  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების შემდგომ გაღრმავებას შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის უსაფრთხოების დიალოგს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ევროკავშირის ერთგული პარტნიორია რეგიონში და ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, კონფლიქტის მოგვარების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის, კიბერ უსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა რომ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით, კორონვირუსის გავრცელების პირობებში, მდგომაროება კიდევ უფრო დამძიმდა.

ქართულმა მხარემ კვლავ დაადასტურა ცენტრალური ხელისუფლების მზაობა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ძალისხმევის გაგრძელებაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლიერება გამოხატა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილისთვის და ამ კონტექსტში აღნიშნა ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობა.  ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესების მნიშვნელობას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის შენარჩუნებისა და გაძლიერების მნიშვნელობას.
 
მხარეებმა ასევე დაადასტურეს ცალსახა მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული და ამბიციური ინიციატივისადმი. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მნიშვნელობას; ამ კონტექსტში ვახტანგ მახარობლიშვილმა დეტალურად გააცნო თავის კოლეგას ქართული მხარის პრიორიტეტები და მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით.