16 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან და ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან, მაქსიმ ლონგანგთან

ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, რამაც COVID-19-ის პანდემიის დროს უკიდურესად გაამწვავა ადგილზე სიტუაცია. მან აღნიშნა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად ილახება კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უფლება, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა უკანონო დაკავებების შემთხვევებს, რაც ახდენს ვითარების ესკალაციას და იწვევს ადგილზე არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციას. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე.

ევროპის საბჭოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისინი მუდმივად ეცნობიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. თუმცა, მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიღებული დეტალური ინფორმაცია ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.   

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას.