2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე

2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა.მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა,საქართველოს საკითხს ალიანსის დღის წესრიგში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.


მინისტერიალის ფარგლებში,COVID-19-ის გავრცელების და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, მინისტრებმა განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების თაობაზე.
 
აღსანიშნავია, რომ ზომებში შედის ისეთი ინიციატივები, როგორიცაა:
 
საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;

ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება;

საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;

 უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.
 
ხსენებული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის 2020 წლის 27 მარტის სატელეფონო საუბრისას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმებული საკითხების იმპლემენტაციის მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს.დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან.