2020 წლის 22 ივლისს გაიმართა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის სხდომა, რომლის ფარგლებშიც სიტყვით წარსდგა, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ანი გაბრიჭიძე

საქართველოს წარმომადგენელმა მკაცრი პროტესტი გამოხატა რუსეთის მიერ 2020 წ. 17-21 ივლისს გამართულ, მოულოდნელი სახის სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით,  რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების, საჰაერო სადესანტო ჯარის, ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზღვაო-სახმელეთო შენაერთების, დაახლოებით 150 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 26 ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა, დაახლოებით 400 საფრენი აპარატი და 100-ზე მეტი საზღვაო ხომალდი.

ქართულმა მხარემ მკაცრად დაგმო რუსეთის სამხედრო სწავლების, მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარება, რომელშიც იქ უკანონოდ ბაზირებულმა რუსეთის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოსვლისას საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ამ ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების ჩატარებითა და მიმდინარე მილიტარიზებით, რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და რუსეთს მათი დაუყოვნებლივი შესრულებისკენ მოუწოდა. აღინიშნა, რომ ამგვარი სახის  სამხედრო წვრთნა არა მხოლოდ აფერხებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს, უფრო მეტიც, კიდევ უფრო აღვივებს დესტაბილიზაციას.

ქართულმა მხარემ გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი სამხედრო სწავლებები, განსაკუთრებით კი, მოულოდნელი სახის სწავლებები ბადებს მრავალ კითხვას და სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ეუთო-ს წევრი ქვეყნებისთვის. აღინიშნა, რომ ამგვარი სახის, განსაკუთრებით კი, ფართომასშტაბიანი სწავლებები ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. ასევე, მათ შესაძლოა შექმნან მტრული აღქმა და იქცნენ ფარული სამხედრო ქმედებების ბერკეტად, რისი მოწმენიც უკვე გავხდით წარსულში. ყურადღება გამახვილდა, რომ ამგვარი სახით, გაუფრთხილებლად და მოულოდნელად სწავლებების ხშირი წარმოება, ეწინააღმდეგება ვენის დოკუმენტის სულისკვეთებას, რომელიც გამჭვირვალობის, პროგნოზირებადობისა და სანდოობისკენაა მიმართული. აქვე, ასევე აღინიშნა, რომ ამ ტიპის სწავლებების წარმოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ვენის დოკუმენტის მოდერნიზაციის აუცილებლობას, განსაკუთრებით კი, მოულოდნელი სახის წვრთნების შესახებ შეტყობინების ნაწილში, რათა გაიზარდოს ვენის  დოკუმენტის ეფექტიანობა ეუთოს მონაწილე ქვეყნების უსაფრთხოებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. 

საქართველოს წარმომადგენელმა გამოსვლისას მადლობა გადაუხადა უკრაინას, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, ეუთო-ს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის ფორუმის ოთხთვიან თავჯდომარეობას წარმატებით გაართვა თავი. აქვე ხაზი გაესვა თავმჯდომარეობის პერიოდში, უკრაინის მიერ ფორუმის დღის წესრიგისა და გამომსვლელების სათანადოდ შერჩევას, რომელიც ასახავდა ეუთო-ს რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვისა და აზოვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და ეუთო-ს არეალში გახშირებული, ჰიბრიდული სახის საფრთხეების თაობაზე გამართულ განხილვებზე.

საქართველოს წარმომადგენელმა გამოსვლის დასასრულს კიდევ ერთხელ, მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და მას მოუწოდა, რომ შეწყვიტოს არაკანონიერი ქმედებები. ეუთო-ს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის ფორუმის თავჯდომარე ქვეყანამ, უკრაინამ თავის მხრივ დაგმო კრემლის მიერ უკრაინისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე, უპრეცედენტო სახის მილიტარიზაცია, ოკუპაცია, წარმოებული აგრესიული საგარეო პოლიტიკა და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ინსპირირებული კონფლიქტების ურთიერთგადაჯაჭვულობას, რომლებიც სათავეს კრემლში იღებს.