2020 წლის 28 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მანლიო დი სტეფანოსთან

სატელეფონო საუბრისას მინისტრის მოადგილეები შეეხნენ  როგორც COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ თემებს, ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა იტალიის მთავრობისა და იტალიელი ხალხის მიმართ პანდემიის მწვავე პერიოდში გადატანილი სირთულეებისა და მისი საბოლოო დამარცხებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. მინისტრების მოადგილეებმა გაცვალეს ინფორმაცია პანდემიის  მხრივ  ქვეყნებში დღეისათვის არსებულ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ  გაწეულ ძალისხმევაზე, ასევე ისაუბრეს ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესის მიმდინარეობაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი ხალხის მადლიერება პანდემიის დროს იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ იტალიის მთავრობის დამოკიდებულების და ასევე მათი რეპატრიაციის პროცესში აქტიური დახმარებისთვის.  

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, კერძოდ განიხილეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგები,  ნატოსთან თანამშრომლობა და ამ კუთხით შავის ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში  საქართველოს როლი.

საუბარი შეეხო რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ   ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. 

იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებს ასოციაციის შეთანხმების შესრულების კუთხით.

საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი შეხვედრების აქტიური დინამიკის მნიშვნელობა და დააფიქსირეს ამ კუთხით, საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებისათვის მზაობა.