გაერთიანებულ სამეფოს და საქართველოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე რაუნდი

2020 წლის 9 სექტემბერს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვირტუალურ ფორმატში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდი გაიმართა. ქართული მხრიდან დიალოგს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო ბრიტანული მხრიდან - ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უენდი მორტონი უძღვებოდნენ.


ერთობლივი კომუნიკე

ლონდონი, 2020 წლის 9 სექტემბერი

2020 წლის 9 სექტემბერს, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე რაუნდი გაიმართა, ვირტუალურ ფორმატში, კორონავირუსის პანდემიის გამო. დიალოგს უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო მდივანი, ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უენდი მორტონი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.  

ორმხრივ შეხვედრაზე, მინისტრებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ფართო სტრატეგიული პარტნიორობის, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ინტენსიური ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხალხათა შორის კავშირების განზომილებებზე.

რეზიუმე

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს უორდროპის ყოველწლიური სტრატეგიული დიალოგის, როგორც გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი ქვაკუთხედის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც წარმატებით არეგულირებს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებს. მინისტრებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ლონდონში, 2019 წლის 21 ოქტომბერს გამართული ბოლო მინისტერიალის შემდეგ მიღწეული პროგრესის შესახებ. მსჯელობა დაეთმო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს, ასევე იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება წარმოშობს ევროკაშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ. მხარეებმა ასევე განიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები; რეგიონული და გლობალური პოლიტიკის საკითხები,  უსაფრთხოების გამოწვევები და ასევე, მათი გადაწყვეტის გზები; გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა შორის დაგეგმილი 26-ე კონფერენციის მნიშვნელობა და არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინისტრებმა საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს.

გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს დელეგაციების ხელმძღვანელებმა ხაზგასმით დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ერთგულება და მზაობა, მხარი დაუჭირონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას გლობალური გამოწვევების დაძლევისა და ორივე ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი, უფრო უსაფრთხო, უფრო მდგრადი და უფრო წარმატებული მომავლის უზრუნველყოფის მიზნით.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები. გაერთიანებულმა სამეფომ აღიარა გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში საქართველოს, როგორ ასპირანტი ქვეყნის მიერ, რეფორმების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს უწყვეტი დახმარების და საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ის ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული და 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე დადასტურებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. გაერთიანებულმა სამეფომ დაადასტურა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და მიესალმა აღნიშნულ კონტექსტში პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა იმსჯელეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მზარდ თანამშრომლობაზე, ასევე  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, მათ შორის,  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების  აუცილებლობასა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების მიმართულებით საქართველოს ინიციატივებზე.

ორივე დელეგაცია მიესალმა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის მჭიდრო ურთიერთობებით ხასიათდება და ხელს უწყობს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის საერთო დინამიკის შენარჩუნებას.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების კონტექსტში. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან აღინიშნა „მწვანე რეგენერაციის“ მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილების მიერ შექმნილი გლობალური საფრთხის ფონზე.

მხარეებმა ხალხთა შორის ურთიერთობათა მნიშვნელობასა და მათ დაახლოებაში დაძმობილებული ქალაქების განსაკუთრებულ როლზეც გაამახვილეს ყურადღება.

სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, მხარეები ასევე მართავენ მთელ რიგ ვირტუალურ ღონისძიებებს, განსაკუთრებული ინტერესის მქონე საკითხების უფრო დეტალურად შესწავლისა და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო სფეროების განხილვის მიზნით.

დიალოგის ფარგლებში, ხელი მოეწერა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ყოველწლიურ გეგმას და დაანონსდა, რომ გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო „UK Export Finance” გასცემს გაზრდილ საექსპორტო გარანტიებს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით.

მინისტრთა პლენარული სხდომა 

მინისტრთა პლენარულ სხდომაზე, ორივე მხარე მიესალმა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ პოლიტიკურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც აისახება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, რაც  ადგილზე და მოლაპარაკებების ფორმატებში რუსეთის უკანონო და დესტრუქციული ქმედებების შედეგს წარმოადგენს. მან განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის გახშირებულ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რამაც მძიმე შედეგი იქონია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ  გაერთიანებული სამეფოს  საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშში შენარჩუნდეს აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ასახვის პრაქტიკა. მინისტრმა დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მტკიცე ერთგულება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კონსოლიდირებული საერთაშორისო მიდგომის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული შესრულება, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მინისტრმა ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიმართ  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ბრექსიტის შემდგომ პერიოდში გაერთიანებული სამეფო კიდევ უფრო  გააძლიერებს ჩართულობას საქართველოსა და შესაბამისად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაჟღერებული მხარდამჭერი გზავნილებისთვის, ასევე, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებული განცხადებების, გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების ურყევი მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა, ამ მხრივ, ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მიერ მიმდინარე აქტიურ მხარდაჭერას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", ასევე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს  ყოველწლიური რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღების საკითხში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მადლიერება ევროპის საბჭოს ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის, მათ შორის მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მიმართ, ასევე საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ფარგლებში მხარდაჭერისთვის.

მინისტრი ასევე მიესალმა ეუთო-ს ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას, მათ შორის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს და ეუთო-ს ფორმატში გამართული სხვა შეხვედრებისას საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრების ერთობლივი (რომლის წევრიცაა გაერთიანებული სამეფო), თუ გაერთიანებული სამეფოს ინდივიდუალური მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებისთვის.

ქართულმა მხარემ სრული პატივისცემა გამოხატა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დემოკრატიულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ დაადასტურა მზაობა, შეინარჩუნონ ორმხრივ ურთიერთობათა დინამიკა ყოვლისმომცველი დღის წესრიგის შესაბამისად. მხარეებმა აღნიშნეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის 2019 წლის 21 ოქტომბერს „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა. ეს შეთანხმება ქმნის მხარეებისთვის მუდმივი ჩართულობის საფუძველს, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ.

მინისტრმა მორტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ-აღიარების პოლიტიკასა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. ის მიესალმა საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის, 2018 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებულ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მან ასევე დაგმო საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის გაძლიერებული სამხედრო ყოფნა და შეშფოთება გამოთქვა იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის უკანონო ქმედებები უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, აღნიშნა რა, რომ ეს ქმედებები გრძელდებოდა კორონავირუსის პანდემიის  მიუხედავად. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაში.

გაერთიანებული სამეფოს მხარე მიესალმა ბოლო წლებში საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება. მინისტრმა მორტონმა  დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გაერთიანებული სამეფოს სრული მხარდაჭერა.

მეშვიდე სესიის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და შეთანხმდნენ გააფართოონ პარტნიორობა ვაჭრობის, ინოვაციების, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული კავშირების მეშვეობით. 

პოლიტიკური კომპონენტი

პოლიტიკური კომპონენტის ფარგლებში დისკუსიების მიმდინარეობისას, საქართველოსა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა განიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, 2019 წელს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების შემდგომ გაზრდილი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე გლობალური გამოწვევები, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.

ორივე მხარე მიესალმა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით ბრიტანელ და ქართველ მეცნიერებს შორის არსებულ თანამშრომლობას, რომელიც უფრო სიღრმისეულად ექსპერტთა დონეზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე იქნება განხილული. მხარეები ასევე მიესალმნენ კლიმატის ცვლილების საკითხებში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის მზარდ თანამშრომლობას და შეთანხმდნენ მრგვალი მაგიდის ფორმატში ტექნიკური შეხვედრის ჩატარებაზე, ცვლილების შესახებ გაერო-ს კლიმატის ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის გამართვამდე, რომელიც დაგეგმილია 2021 წელს, გლაზგოში.

გაერთიანებული სამეფოს მხარემ მოიწონა დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, მიესალმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა ქართული დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების კუთხით. გაერთიანებულმა სამეფომ დაადასტურა მზაობა გააგრძელოს საქართველოს მთავრობის დახმარება დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში.

ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებსა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების, მათ შორის, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლების, ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის, თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების თვითნებური დაკავების გამო, ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, დაჭრის ფაქტი რუსეთის მიერ კორონავირუსის პანდემიის ფონზე გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უგულებელყოფის კიდევ ერთი მძიმე მაგალითია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ისევე, როგორც  გაერთიანებული სამეფოს  საგარეო და თანამეგობრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშზე, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ კვლავაც გააგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზე ორიენტირებულ ჩართულობას, რათა შესაძლებელი გახდეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგად ადგილზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრა. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვანი ფორმატების დასაზიანებლად მიმართულ, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, აქტიურად განაგრძოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების გზით და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობა როგორც აღნიშნული ინიციატივის იმპლემენტაციის, ისე გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მთლიანი პროცესის მიმართ. ქართული მხარე მიესალმა გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მხარდაჭერას ამ მიმართულებით.

გაერთიანებული სამეფოს მხარემ კვლავ დაადასტურა მზაობა, იყოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხმამაღალი მხარდამჭერი საერთაშორისო არენაზე და გააგრძელოს საკუთარი ჩართულობა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა აღნიშნეს ექსპერტთა მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართული დისკუსია, სადაც განხილულ იქნა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები.

ორივე მხარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობის გაგრძელება ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო, და მრავალმხრივ არჩევნებში. ისინი შეთანხმდნენ განაგრძონ ყველა შესაძლებლობის შესწავლა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.

თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომპონენტი

თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომპონენტის ფარგლებში დისკუსიების მიმდინარეობისას, დელეგაციებმა გაცვალეს  მოსაზრებები რეგიონსა და მის მიღმა არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით. ისინი მიესალმნენ ორი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებებს შორის ძლიერ კავშირებს და ხაზგასმით აღნიშნეს როგორც კონვენციური, ასევე ჰიბრიდული საფრთხეების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, მხარეებმა თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული  თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და კმაყოფილება გამოთქვეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის 2020 წლის გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გაერთიანებული სამეფოს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე დირექტორმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში.

მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი გამოწვევები, როგორიცაა  გარე ძალების ჩარევა, დეზინფორმაცია, კიბერ-თავდასხმები და ჰიბრიდული საფრთხეების სხვა ფორმები. ისინი შეთანხმდნენ შესაბამის საფრთხეებთან გამკლავების მიზნით მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების გაგრძელებაზე უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ხედვის განვითარების კუთხით. ამასთან დაკავშირებით, ყურადღება გამახვილდა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული საერთო პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის მიზნით.

ამ კონტექსტში, შეხვედრაზე აღინიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მნიშვნელოვანი როლი ეროვნულ დონეზე უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირებაში. ორივე დელეგაციამ მტრული სახის კიბერ-აქტივობები განსაზღვრა როგორც საერთო საფრთხე და ხაზგასმით აღნიშნა ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობა. საქართველოს მხარემ გამოხატა მადლიერება გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერისთვის, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული ფართო-მასშტაბიანი კიბერ-თავდასხმის თაობაზე ჩატარებულ გამოძიებას; ასევე გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერისთვის აღნიშნულ საკითხის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესიაზე განხილვის და გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისთვის. მხარეები მიესალმნენ თბილისში ბრიტანეთის საელჩოში, კიბერ-უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, რომელიც ცხადყოფს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ეროვნული და კიბერ-უსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის მიმართ ურთიერთმხარდაჭერას.

მხარეებმა განიხილეს ნატო-ს სხვადასხვა ფორმატში ინტენსიური თანამშრომლობა და საქართველოს მიერ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს მიერ მხარდაჭერილი ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის გამოყენების საკითხები. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგულარული ერთობლივი სამხედრო სწავლებებისა და წვრთნების მნიშვნელობაზე, რისი გამოხატულებაც არის გაერთიანებული სამეფოს მრავალრიცხოვანი მონაწილეობა „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში.

გაერთიანებული სამეფოს მხარემ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით და დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის მიმართ, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებასა და შესაძლებლობათა გაძლიერებას, ნატო-სთან საქართველოს თავსებადობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, ასევე პაკეტის განახლების მიმდინარე პროცესს. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიზანთან დაკავშირებით.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე და ხაზგასმით აღნიშნეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის როლი ამ მიმართულებით. ისინი ასევე მიესალმნენ შავი ზღვის უსაფრთხოებასთან მიმართებაში ერთობლივ ვალდებულებას და ხაზგასმით აღნიშნეს ნორთვუდში ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის მოკავშირე ოფიცრის მეშვეობით ხორციელდება, ასევე ამბიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამეფო ფლოტის გემები უფრო ხშირად ესტუმრონ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, თავსებადობისა და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით წვრთნების ჩასატარებლად.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში გაერთიანებული სამეფოს ჩართულობის შენარჩუნების მნიშვნელობა პოლიტიკური სტაბილურობისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართ მხარდაჭერის გზით.

ეკონომიკისა და ვაჭრობის კომპონენტი

მხარეებმა იმსჯელეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ფართო სპექტრსა და მომავალში აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებამ შექმნა ახალი მნიშვნელოვანი ჩარჩო ამ მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში გამართავენ შეხვედრას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასპექტების პრაქტიკული განხორციელების განსახილველად.

მხარეებმა განიხილეს კორონავირუსის პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე და თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება. საქართველოს მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმისა და მიზნობრივი სექტორული და პოლიტიკური ზომების ფართო სპექტრის შესახებ, რომელთა მიზანია პანდემიის ეკონომიკური ზარალის შემცირება და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობა. საქართველოს მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ ზომებზე, რომლებიც აძლიერებს სოციალურ უსაფრთხოებას და მხარს უჭერს საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს. გაერთიანებული სამეფოს მხარემ დაადასტურა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ მაქსიმალური შედეგისა და ეფექტიანობის მისაღწევად დახმარების მიზანმიმართულად განხორციელების პრინციპზე.

გაერთიანებული სამეფოს მხარემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა განხორციელდეს პროექტები ადგილობრივი შრომის ბაზრის პროფესიული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, იმისათვის, რომ უკეთ იქნას გააზრებული, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო დახმარების გაწევა ქართული ბიზნესის უფრო ეფექტიანად მხარდაჭერის მიზნით, ასევე ჩატარდეს საგადასახადო სფეროს  ანალიზი ეკონომიკაზე პანდემიის ზემოქმედების შედეგად წარმოშობილი საშემოსავლო დეფიციტის მასშტაბის განსაზღვრის მიზნით. საქართველოს მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსთან აქტიური დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა, მათ შორის, კარგი მმართველობის ფონდის ფარგლებში და ხაზი გაუსვა მომავალ წლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ აქტივობებს, რომლებიც, სხვასთან ერთად, იქნება: სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის კვლევა ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ასევე კვლევა ახალი საექსპორტო შესაძლებლობების და საქონლისა და მომსახურებების შესახებ, რომლებზეც შეიძლება გავრცელდეს შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინვესტორთა საბჭოს მეშვეობით გააგრძელებენ ღია დიალოგის გამარტივების მხარდაჭერას საქართველოს მთავრობასა და ბიზნეს და საინვესტიციო წრეებს შორის. ისინი შეთანხმდნენ, რომ საბჭო უზრუნველყოფს კონსტრუქციულ ფორუმს ვაჭრობის, ზრდისა და ინვესტიციებისთვის შექმნილი ბარიერების აღმოსაფხვრელად, მათ შორის სპეციალიზებულ სავაჭრო და სამართლებრივ მექანიზმებთან წვდომას.

საქართველოს მხარემ წარმოადგინა დამატებითი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია ისეთ მაღალ შემოსავლიან სექტორებში, როგორიცაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, მსუბუქი მრეწველობა (ავტომანქანების, ელექტროაპარატურის და საჰაერო ხომალდების ნაწილები), ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი. სტრატეგიის მიხედვით, პრიორიტეტულ სამიზნეს წარმოადგენს ის კომპანიები, რომლებსაც სურთ  თავიანთი საქმიანობის გატანა უსაფრთხო ბიზნეს გარემოში, ევროპული ბაზრის სიახლოვეს. საქართველოს მხარე მიესალმა იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული სამეფო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად რჩება, ამავე დროს, ხაზგასმით აღინიშნა ინვესტიციების მოცულობების ზრდის უდიდესი პოტენციალი. გაერთიანებულმა სამეფომ დაასახელა ზოგიერთ სფეროში ბრიტანული ინვესტიციებისთვის დამატებითი წამახალისებელი ზომების მნიშვნელობა და მხარეებმა იმსჯელეს მომავალში აღნიშნულის განხორციელებაზე. ამ მიზნით, მხარეებმა განიხილეს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს ენერგოსექტორში ინვესტიციებთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომლის გამართვა სექტემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობის გაზრდას. საქართველოს მხარემ აღნიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის ამჟამინდელი მოცულობა არ ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ რეალურ პოტენციალს და რომ უნდა გაორმაგდეს ძალისხმევა ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით. გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტომ „UK Export Finance“ კმაყოფილებით დაადასტურა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო გარანტიის ზრდის ფაქტი, რაც როგორც ექსპორტის მოცულობის, ისე ღირებულების მატებას ემსახურება. მხარეებმა განიხილეს ზრდის პოტენციალის მქონე სხვადასხვა, მათ შორის, კვებისა და სასმელი პროდუქტების, მოდისა და აქსესუარების, ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების სექტორი. გაერთიანებული სამეფოს მხარემ დაადასტურა მზაობა საქართველოში ახალი სავაჭრო წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განახლდეს სავაჭრო მისიების საქმიანობა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობასა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის საკითხებზე. საქართველოს მხარე დაინტერესდა გაერთიანებული სამეფოს ინოვაციებისა და მეწარმეობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ასევე საქართველოს ბაზარზე ბრიტანული კომპანიების მიერ კვლევისა და განვითარების და ინოვაციების დანერგვით.

ხალხთა შორის ურთიერთობების კომპონენტი

მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ძლიერი საგანმანათლებლო და კულტურული კავშირებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას  და განიხილეს არსებული ინტენსიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი.

განსაკუთრებული აქცენტი საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაკეთდა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის ინგლისური ენის, განათლებისა და ხელოვნების სფეროში არსებული შესანიშნავი თანამშრომლობა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარებას ეფუძნება. მხარეები მიესალმნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედ ინგლისური ენის სასწავლო პროგრამებსა და ინგლისურენოვან კლუბებს და განიხილეს აღნიშნული ქსელების გაფართოების შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამებში ინგლისური ენის გამოყენების საკითხებზე, ასევე ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა ინგლისური მომავლისთვის და უმაღლესი განათლება დასაქმებისთვის. მხარეებმა იმსჯელეს არსებულ კავშირებზე და განსაზღვრეს მიზნობრივი პროგრამის შემუშავების   ახალი სფეროები, მათ შორის, ზოგადი განათლების სისტემაში ინგლისურის სწავლების დანერგვა, ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობებთან წვდომის გაუმჯობესება საზოგადოების დონეზე, უმაღლესი განათლება დასაქმებისთვის და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. 

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოში განათლების რეფორმის პრიორიტეტებთან უფრო მეტი შესაბამისობის მიღწევის მნიშვნელობა.

საქართველოს მხარემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სულ უფრო მეტი სასწავლო-კვლევითი სტიპენდიების გამოყოფისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორში მიმდინარე რეფორმები და მათი მნიშვნელობა გაუმჯობესებული საგანმანათლებლო შედეგების, დასაქმების მაჩვენებლისა და ეკონომიკური ზრდის კუთხით. ბრიტანეთის მხარემ აღნიშნა მისი მხარდაჭერა ამ პრიორიტეტისადმი, კერძოდ, პროფესიულ განათლებაში მასწავლებელთა განვითარების, ჩართულობისა და ანაზღაურების გაუმჯობესების მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებასა და პროცესებში ჩართულობით.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს არსებული კულტურული კავშირების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ, რომ ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული ამგვარი თანამშრომლობის მხარდასაჭერად და განსავითარებლად. კერძოდ, მხარეებმა იმსჯელეს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების სტრატეგიულ პრიორიტეტებზე და განიხილეს ამ სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის გასულ წელს განხორციელებული მჭიდრო თანამშრომლობა. მხარეებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის ახალი სფეროები, მათ შორის კულტურის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობათა შემდგომი განვითარება შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით, კერძოდ, ისეთ სექტორებში, სადაც ორმხრივი კავშირების გაღრმავების ძლიერი შესაძლებლობები არსებობს. მონაწილეებმა  აღნიშნეს 2020 წლის 8 სექტემბერს ბრიტანეთისა და საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების წამყვან მონაწილეებთან ერთად გამართული ღონისძიების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ბრიტანეთის საბჭოს ეგიდით განხორციელებული პროგრამების  (Creative Spark და Crafting Future) ფარგლებში.

მხარეებმა განიხილეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, 2019 წელს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სეზონზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით. ასევე, საუბარი შეეხო 2021 წელს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სეზონის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს და ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზებს.

მონაწილეები მიესალმნენ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის მზარდ როლსა და პოზიტიურ ზეგავლენას.

* * *

დისკუსიების შემდეგ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ დაადასტურეს თავიანთი განზრახვა გააძლიერონ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და მომავალ წელს, თბილისში, ჩაატარონ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მე-8 რაუნდი.