7 მაისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი პოლონელ კოლეგასთან იაცეკ ჩაპუტოვიჩთან

საუბარი პოლონური მხარის ინიციატივით შედგა. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომები და არსებული ვითარება. პოლონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს. 

ი. ჩაპუტოვიჩმა დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისამი და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მან დაგმო რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და ის ფაქტი, რომ პანდემიის პირობებშიც კი რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების და გამყოფი ხაზების აღმართვას.

ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა დაადასტურეს ცალსახა მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული და ამბიციური ინიციატივისადმი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის, როგორც ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის ძალისხმევას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის.  ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში დ.ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა ქართული მხარის პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე სამიტთან დაკავშირებით. 

სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას გააცნო პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის თაობაზე. მან განსაკუთრებული მადლობა გამოხატა პანდემიის პირობებში პოლონეთის ავიახაზების [LOT] მიერ გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად; დ.ზალკალიანმა გამოთქვა მზაობა  პოლონურ მხარესთან ტურიზმის აღდგენისა და გააქტიურების მიმართულებით და აღნიშნა, რომ 1 ივლისიდან საქართველო გეგმავს მიიღოს საერთაშორისო ტურისტები.