ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-13 შეხვედრა გაიმართა

ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის რიგით მე-13 შეხვედრა. საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, რიჩარდ ტიბელსი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა.   
 
შეხვედრაზე მხარებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საანგარიშო პერიოდში გატარებული ღონისძიებები. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი; მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებით.
 
ევროკავშირის მხარე მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებას.  შეშფოთება გამოითქვა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის სრული ჩაკეტვის გამო, რასაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვა ახალგორის რაიონისა და მთლიანად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესების მნიშვნელობას. ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის ფედერაციის მიერ  2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების შესრულების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას რუსეთის უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. ევროკავშირის დელეგაციამ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’ იმპლემენტაციის მხარდაჭერა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.
 
ადამიანის უფლებათა საკითხზე დიალოგის ფარგლებში ევროკავშირის მხრიდან ასევე დადებითი შეფასება მიეცა ქართული მხარის მიერ ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის, ბავშვთა უფლებების დაცვის, შრომითი უფლებების უზრუნველყოფის, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთის კუთხით გატარებულ საქმიანობას.  
 
 
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ის დამატებით გამოწვევები, რომლის წინაშეც საერთაშორისო თანამეგობრობაCOVID-19 პანდემიის პირობებში დადგა. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს.  
დიალოგი, რომელიც  ყოველწლიურად იმართება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას და წარმოადგენს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის პარალელურ ფორმატს.

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის  მე-13 შეხვედრის  ფარგლებში მხარეების მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.

მხარეების მიერ მიღებული ერთობლივი პრეს-რელიზი ქართულად: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/82010/node/82010_ka

მხარეების მიერ მიღებული ერთობლივი პრეს-რელიზი ინგლისურად: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/82000/node/82000_en