“აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის შეხვედრაზე ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეული შედეგები და ყურადღება გაამახვილეს პარტნიორობის მომავალსა და მიზნებზე 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის კონტექსტში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ამ კონტექსტში, მან კონკრეტულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის საკითხზე. ამავდროულად, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების მიმართულებით, ვახტან მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა დაკავშირებულობის, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების ფონზე, ვახტანგ მახარობლიშვილის მხრიდან ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების მყარი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე, ისევე როგორც კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით ევროკავშირის მეტი და უფრო ქმედითი ჩართულობის საჭიროებაზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისეთ პრიორიტეტებს როგორიცაა კანონის უზენაესობა, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია, მეცნიერებისა და კვლევების სფეროების დაახლოება და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება. ​

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და იმ დროისთვის პარტნიორობის ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხების განხილვას ეძღვნება.