ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

22.05.2020 თბილისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დოვლეთმირატ მურატოვთან.


საუბრისას განხილულ იქნა საქართველოსა და თურქმენეთს  შორის ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებს.


შეხვედრაზე მხარეებმა  ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გატარებული ზომებისა და არსებული ვითარების შესახებ. ამ მხრივ, ელჩმა  მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თურქმენული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შეუფერხებლად გატარების გამო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ რთულ ვითარებაში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ურთიერთქმედების მნიშვნელობას. 


თურქმენეთის ელჩს მიეწოდა სრული ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ  ბოლო პერიოდში გატარებული პროვოკაციული  ქმედებების შესახებ, რაც გამოიხატა  საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ე.წ. „ბორდერიზაციაში“.  ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მუდმივ პროპაგანდისტულ თავდასხმებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც საკვანძო როლს თამაშობს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

საუბრისას, ასევე,  განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში  თანამშროლობის საკითხები.
მხარეები შეთანხმდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განაახლონ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები.