ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ელჩთან

5.08.2020 ქ. თბილისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ ნათლად გამოაჩინა გამართული ჯანდაცვის სისტემისა და მისი გაძლიერების მნიშვნელობა. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა  300,000,000 იაპონურ იენის (დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი)  ოდენობის დახმარებისთვის, რომლითაც მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის და აღჭურვილობის შეძენა მოხდება.
ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობის წარმატებული ძალისხმევა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და გამოხატა დაინტერესება, პანდემიის პირობებში, სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

ტადაჰარუ უეჰარას განცხადებით, იაპონია დიდი სიფრთხილით ეკიდება საზღვრის გახსნის საკითხს და დაინტერესდა იმ პრაქტიკით, რომელიც საქართველომ ბიზნეს ვიზიტორებისთვის დანერგა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია დასტაბილურდება და შესაძლებელი გახდება ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება.
ყურადღება გამახვილდა იაპონიის საერთაშორისო  თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (JICA) არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და შემდგომი გაღრმავების გზებზე.
შეხვედრისას საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს.