ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ახლადდანიშნულ ელჩთან

2022 წლის 21 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ახლადდანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა) მაილს რობერტ არმითიჯთან.
მინისტრის მოადგილემ ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მას თავის საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დღის წესრიგი. მათ შორის საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ სიტუაციასა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარულ დახმარების შესახებ. ხაზი გაესვა საქართველოს სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე.

თავის მხრივ ელჩმა გამოხატა დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების მიმართ. მან მინისტრის მოადგილეს გააცნო ავსტრალიაში გასულ თვეს ჩატარებული არჩევნების შედეგები და ისაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.