საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა „დიპლომატიურ რთველში“ მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს.

დიპლომატიური ტურის მონაწილეები წინანდალს ეწვივნენ. უცხოელმა დიპლომატებმა  მოინახულეს წინანდალში განთავსებული ღვინის კომპანია „შუმი“, ისევე როგორც ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები  და ღვინის მუზეუმი ”ვაზიონი” და ტრადიციულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო საქართველოში რთველის ტრადიცია და მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მინისტრმა სტუმრებს ინფორმაციია მიაწოდა 2020 წლის რთველის მიმდინარეობაზე.

„ეს ღონისძიება არის ქართული კულტურის ჩვენება, გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა, ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ, ვფიქრობ, ეს ყველასთვის ამაღელვებელი მომენტია.“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის მხრივ აღნიშნა სოფლის მეურნეობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის მნიშვნელობა, რომელიც კარგი შესაძლებლობაა   საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენისთვის:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ყოველწლიურად, რთველის დროს,  ჩვენ თავს ვუყრით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა გავაცნოთ ჩვენი მდიდარი კულტურა, ტრადიციები, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია ყველგან. წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მაინც ჩავატარეთ ტრადიციული დიპლომატიური რთველი. მინდა, პირველ რიგში განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ჩემი კოლეგის, სოფლის მეურნეობის ლევან დავითაშვილის მიმართ, რომელიც იყო ერთ-ერთი ინიციატორი დღევანდელი ღონისძიების და ამ ადგილის, შუმის მეღვინეობის შემოქმედი ადამიანების მიმართ. ეს ღონისძიება  არამხოლოდ ტრადიციების გაცნობას ემსახურება ჩვენი სტუმრებისთვის, არამედ საქართველოს უკეთ წარმოჩენის, ცნობადობის ამაღლების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.