აშშ-ში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე გამართულ დისკუსიაში

25.02.2020 აშშ - საქართველოს ელჩმა ამერიკაში, დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ში რუმინეთის საელჩოში გამართულ „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (The Center for European Policy Analysis) მიერ ორგანიზებული სალონური ტიპის საპანელო დისკუსიაში: “Challenges for Securing the Black Sea: One Flank, One Presence?”, რომელიც მიეძღვნა მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემატიკას.

დისკუსიის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, ისევე როგორც იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. აღინიშნა რეგიონში აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობა; ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში აქტიური თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და ინვესტიციების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.
დისკუსიაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ აშშ-ში რუმინეთის ელჩი გეორგ მაიორი, აშშ-ში მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული კაროლინა პერებინოსი, აშშ-ში ბულგარეთის ელჩი ტიჰომირ სტოიჩევი, აშშ-ში უკრაინის ელჩი ვოლოდიმირ იელჩენკო და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ გენერალ პერშინგის სახელობის სტრატეგიული კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენჯამინ ჰოჯესი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ამავე კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ელჩი რეკა შჟემერკენი.