ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების- საქართველო, მოლდოვა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს ვალდის დომბროვსკისს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს შექმნის მნიშვნელობასა და ტრიოს სამომავლო მიზნებზე, კერძოდ  ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საერთო ამოცანების რეალიზაციის მიზნით მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის განვითარებაზე ევროკავშირთან, მათ შორის სექტორული დიალოგის ფორმატების ჩამოყალიბების, ეკონომიკური  და ვაჭრობის მიმართულებით. 

აღინიშნა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ერვოინტეგრაციული მიზნების გზაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია ასოცირებული ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის შიდა ბაზარზე. 

დადებითი  შეაფასება მიეცა ასოცირებული  ქვეყნების მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელების დინამიკას, ევრო კომისარმა ტრიოს ქვეყნებს რეფორმირების პროცესში  შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.