ბელგიის სამეფოს,ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, ხორვატიის და ბულგარეთის ელჩებმა თეიმურაზ ჯანჯალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

2022 წლის 20 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ ჯანჯალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩმა მიშელ პიტერმანსმა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს  ელჩმა პიერ ფრანკმა, ხორვატიის რესპუბლიკის ელჩმა ბრანკო ზებიჩმა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულმა ელჩმა ვესელინ ვალკანოვმა.
 
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას და აღნიშნა, რომ ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შესრულებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბელგიის, ლუქსემბურგის, ხორვატიის და ბულგარეთის მხარდაჭერის როლს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  გზაზე. ელჩებმა დაადასტურეს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ამჟამინდელ გარდამტეხ მომენტში, კვლავაც გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების აქტიურ მხარდაჭერას.
 
მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის  გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის სრულფასოვანი ათვისების აუცილებლობას. 
 
თეიმურაზ ჯანჯალიამ ელჩებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.