ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილი გადასცა

31.07.2018 .თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან. ელჩმა მინისტრს გადასცა ბულგარეთის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ეკატერინა ზაჰარიევას მისალოცი წერილი და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების აქტიურ დინამიკას და წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებული პოტენციალი, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რაც შავი ზღვის რეგიონის ორივე ქვეყნისთვის თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს. ასევე, მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

დავით ზალკალიანმა ბულგარეთის მხარეს ევროკავშირის საბჭოს წარმატებით თავმჯდომარეობის დასრულება მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ბულგარეთის ელჩს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის 10-წლისთავან დაკავშირებით პარტნიორების კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

დესისლავა ივანოვამ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულგარეთი რჩება  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერად. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩო, ბულგარეთი შეეცდება, მომავალშიც პოზიტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, დესისლავა ივანოვამ დაადასტურა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილი, უმასპინძლოს ქართველ კოლეგას სოფიაში.