„ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური” - მიხეილ ჯანელიძე

21.12.2017 - ​„ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური და ჩვენ შევძლოთ რეალურად კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ ამ ფორმატში ძალიან ბევრი რაუნდი გაიმართა ძირითად საკითხებზე, ეს არის პირველ რიგში ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება. იმ დონეზე რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, სამწუხაროდ, ვერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს საერთაშორისო პარტნიორების, მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რათა ჩვენ შევძლოთ საკითხების გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გზების გამოძებნა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების ფორმატის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გუშინ, პარლამენტარებთან შეხვედრის დროს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა.