დავით ზალკალიანი აშშ-ის დამოუკიდებლობის 242 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

06.07.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის  შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 242 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა 242 წლის წინ, კაცობრიობის იმ დროის საუკეთესო წარმომადგენლებმა ამერიკის კონტინენტზე თავისუფლების დროშა მაღლა ასწიეს და იმ მომენტიდან კაცობრიობისთვის თავისუფლების ღირებულება ერთერთ მთავარ პოლიტიკურ ღირებულებად აქციეს.

„ეს დღე არის საზეიმო არამარტო ამერიკელი ერისთვის, არამედ ყველა ერისთვის, ყველა ადამიანისთვის ვისთვისაც თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. სულ ცოტა ხსნის წინ, ჩვენც 26 მაისს ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილე ვიზეიმეთ და მაშინაც ამერიკელები იდგნენ ჩვენს გვერდით. დღეს ჩვენ ვდგევართ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენთვისაც, ისევე როგორც ამერიკელებისთვის, მთავარი ღირებულება თავისუფლებაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

„1776 წლის 4 ივლისს ხელი მოეწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც თითოეული ამერიკელისთვის დღესასწაულია. ჩემთვის კი ეს გახლავთ სიმბოლო ბრძოლისა თავისუფლებისთვის, ერთიანობისა და ერის ფასეულობებისთვის“ - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ საზეიმო მიღებაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამერიკა არის დიდი სახელმწიფო სწორედ მისი იდეალებიდან და ფასეულობებიდან გამომდინარე, რომლებიდანაც არასოდეს გადაუხვევია.

საზეიმო მიღება, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანომდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, საქართველოში აშშ-ის საელჩოში გაიმართა.