დავით ზალკალიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

27 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიის წარმომადგენლებთან. 14 ევროპელი ჟურნალისტი საქართველოს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ეწვია.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. მან გაამახვილა ყურადღება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ამ გზაზე საქართველოს მხრიდან გაწეულ ძალისხმევასა და მიღწეულ  ხელშესახებ შედეგებზე.
 
საუბარი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის კონგრესმენების მხრიდან წარდგენილი უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატის მნიშვნელობა: "ეს გახლავთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს  აშშ-სთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის. ეს არის მართლაც ისტორიული აქტი, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მოცულობის და ასეთი შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებლობის ისტორიის მთელი 25 წლის განმავლობაში. ეს აქტი მოიცავს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა,
 
შეხვედრაზე მინისტრმა ევროპელ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითმ. მან სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიმართულია, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და მიზნად ისახავს  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის უზრუნველყოფას იმ პოზიტიურ ინიციატივებსა და სიკეთეებში, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იღებს.

შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტება მიეცათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.
ჟურნალისტებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე გამართეს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, არასამთავრობო სექტორის და ქართული მედიის წარმოამდგენლებთან. 

აღნიშნული მედია ტური მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ.