დავით ზალკალიანი ლიეტუვას სეიმას სპიკერს შეხვდა

ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუვას სეიმას სპიკერს ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს შეხვდა.  

შეხვედრას ლიეტუვას პარლამენტის წევრები - საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ლუჩია ანდრიკიენე და  საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე რაიმუნდას ლოპატა ესწრებოდნენ. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ და მჭიდრო თანამშრომლობას საპარლამენტო დონეზე, მათ შორის აღინიშნა მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა  საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე. 

სეიმას პარლამენტის სპიკერის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ლიეტუვას რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული არჩევანის და საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებას და უკვე არსებულ შედეგებს ასოცირების შეთანხმების და უვიზო მიმოსვლის სახით.  მათ შორის აღინიშნა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესში  განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების წარმატებით გაგრძელების მნიშვნელობა და ამ გზაზე ლიეტუვას შემდგომი მხარდაჭერის მზაობა.  

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე,  არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და  გაცვალეს მოვლენათა განვითარების ხედვები. ლიეტუვას სეიმას წარმომადგენელთა მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა რჩევა ლიეტუვას საპარლამენტო საქმიანობის  პრიორიტეტებს შორის.  

გამოითქვა მზადყოფნა საპარალამენტო დონეზე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობის  პოზიტიური დინამიკა, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ვაჭრობა და ხალხთაშორისი ურთიერთობები.