დავით ზალკალიანი ლიეტუვის ახლდადანიშნულ ელჩს შეხვდა

28 ოქტომბერს, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. 

შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა მიულოცა ლიეტუველ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ, განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს. მინისტრმა ლიეტუვის მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ მეტად ღირებული დახმარებისთვის, რომელსაც ლიეტუვა უწევს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგი, ისევე როგორც, ძალიან აქტიური ურთიერთქმედება სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას, ხაზი გაესვა საერთაშორისო სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. აღინიშნა, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის აუცილებლობა და ამ კუთხით, თანამშრომლობის მეტად განვითარება. 

მინისტრმა ელჩთან ასევე განიხილა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები, საუბარი შეეხო 2021 წელს დაგეგმილ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და საქართველოს მოლოდინებს. გარდა ამისა, მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს გლობალური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება. 
ლიეტუვის ახლადდანიშნულმა ელჩმა, თავის მხრივ, გამოხატა მზაობა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას, ახალი, საინტერესო პროექტების განხორციელებას, ორი მეგობარი ქვეყნის საკეთილდღეოდ.