დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს მიწვევით ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 24-26 ივლისს, ქ. ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მასპინძლობით რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი პირველი მინისტერიალი  - „Ministerial to Advance Religious Freedom” - იმართება.
 
მინისტერიალში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ.
 
26 ივლისს, ღონისძიების ფარგლებში,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით  მაღალი დონის პლენარულ შეხვედრას დაესწრება,  რომელიც რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ გლობალურ გამოწვევებს, რეაგირების ინოვაციურ მექანიზმებსა და სამომავლო ძალისხმევის კოორდინაციის საკითხებს დაეთმობა.
 
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს  აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საექსპერტო წრეებთან. შეხვედრისას განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები.