დავით ზალკალიანი საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2020 წლის 9 ნოემბერს, ​საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან საქართველოში, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IOM-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. აღნიშნულ კონტექსტში, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციის სფეროში COVID19-ის პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო ძალისხმევას საჭიროებენ. IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მცხოვრები ათასობით ქართველის დახმარების საქმეში. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, საქართველოს კარგ შესაძლებლობას აძლევს თავისი გამოცდილება გაერო-ს წევრ ქვეყნებსა და მიგრაციის სფეროში ჩართულ აქტორებს მაღალი ტრიბუნიდან გაუზიაროს.  

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა IOM-ის მისიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მიერ საქართველოში წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის და მზაობა გამოხატა განაგრძოს თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.