დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში

2021 წლის 22-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა, სადაც ის, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. 

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას.

ვიზიტს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. "მოხარული ვარ, რომ მივემგზავრები რუმინეთში, რათა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად მონაწილეობა მივიღო რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში და განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაცია და რეგიონული უსაფრთხოება. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა ამ შესაძლებლობისთვის," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.