დავით ზალკალიანი: „პანდემიის მიუხედავად საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობაა უზრუნველყოფილი“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობაა.

„პანდემიის პირობებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა არის უზრუნველყოფილი. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აპრილის თვიდან დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. მაქსიმალურად იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორმხრივად გაგზავნილი მოსაწვევები იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ დამკვირვებლები. ეუთო-ოდირი უკვე ადგილზეა, მათ ჰყავთ, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები. ჩემი ინფორმაციით და რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის დარეგისტრირებული, 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 900-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი დარეგისტრირდა. ეს უპრეცედენტო რაოდენობაა, პანდემიის პირობებს თუ გავითვალისწინებთ,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მაქსიმალურად უზრუნველყო საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

„ქვეყანამ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შექმნოდათ უსაფრთხო გარემო. შესაბამისი პროტოკოლები, აეროპორტში ჩამოსვლის დროს PCR-ტესტები - მათთვის ეს ყველაფერი დაცულია და ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი შეფასება საერთაშორისო პარტნიორებისგან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უზრუნველყო ქვეყანამ და ხელისუფლებამ მათი მიღება და თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.“ აღნიშნა მინისტრმა.