დავით ზალკალიანმა „ადამიანზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, გლობალური პანდემიის ფონზე“ ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ვიდეო-კონფერენციაში თემაზე: „ადამიანზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, გლობალური პანდემიის ფონზე“. კონფერენციაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მთავარ თემაზე მოხსენებით მიმართა.
 
თავის გამოსვლაში ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოსთვის.
 
“მშვიდობა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა ქართველი ხალხის კარგად გააზრებული და საპასუხისმგებლო არჩევანია. მთავრობა განსაკუთრებით აქტიურობს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობა საერთაშორისო დღის წესრიგში იყოს. მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიზანია აღდგეს ნდობა ოკუპაციის ხაზით დაყოფილ ხალხ შორის და მათი შერიგება“- განაცხადა მინისტრმა.
 
საგარეო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე, რაც მიზნად ისახავდა COVID-19 პანდემიის დაწყებიდანვე  საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის სრულფასოვანი დახმარების უზრუნველყოფას. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება ადამიანზე ორიენტირებული მშვიდობის პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რასაც საქართველო ახორციელებს.  
 
თავის მიმართვაში ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და წვლილს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, რომელიც წლების განმავლობაში დიდი იყო და მიუხედავად მთელ მსოფლიოში არსებული სხვადასხვა გამოწვევებისა, სტრატეგიული პარტნიორები კიდევ უფრო მტკიცე პოზიციას იკავებენ რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ, რაც მიმართულია მთელი აღმოსავლეთ ევროპის დესტაბილიზაციასა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის შერყევისკენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე; ასევე  საქართველოში აკრედიტებულმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საელჩოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.