დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგასთან კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარება და პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები განიხილა

 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, ოლეგ ცულიასთან.
 
სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ შემზღუდავი ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ვირუსის  გავრცელების პირველივე დღიდან დააწესა და საერთაშორისო თანამეგობრობამ და მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე მზრუნველობის  საკითხს. დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პანდემიის და მისი შედეგების დაძლევის   მიზნით გამოყოფილი დახმარების პაკეტის მნიშვნელობის შესახებ.