დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

25.06.2018 ქ.თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა  სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუდ ჩავუშოღლუსთან.

დავით ზალკალიანმა მიულოცა თურქ კოლეგას ქვეყანაში საერთო არჩევნების წარმატებული ჩატარება და აღნიშნა თურქეთის საზოგადოების გამოხატული მხარდაჭერა.

თავის მხრივ, მევლუდ ჩავუშოღლუმ მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოხატა.

თურქეთის მხარემ ხაზი გაუსვა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

მხარეებმა გამოხატეს იმედი, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა წარმატებულად განვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში.

სატელეფონო საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა.