დავით ზალკალიანს ელჩებმა ევროპის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილი გადასცეს

2.07.2020 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან - კაი კაარელსონთან, ინგრიდა ლევრენსესთან და გიედრიუს პოუჯუნასთან.

შეხვედრის ფარგლებში ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცეს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი, რომელიც ეხება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.

წერილში ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ულოცავენ საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულებას, რაც სიმბოლურად ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს დაემთხვა. ასევე აღნიშნულია, რომ თავმჯდომარეობას თან ახლდა გამოწვევები, რადგან საქართველოს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაში მოუხდა თავმჯდომარეობა, ამავდროულად კვლავ გრძელდებოდა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ.

წერილში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო ვითარების მიუხედავად, საქართველოს თავმჯდომარეობა ორიენტირებული დარჩა ოთხი მთავარი პრიორიტეტის განხორციელებასა და ამავდროულად, ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების განმტკიცებაზე.

ბალტიის ქვეყნების მინისტრები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველომ შესძლო ინოვაციური გამოსავლის მოძიება, რათა შეუფერხებლად გაგრძელებულიყო ევროპის საბჭოსა და მინისტრთა კომიტეტის საქმიანობა. ასევე ღონისძიებების ჩატარების მიზნით, საქართველოს თავმჯდომარეობამ შეიმუშავა კრეატიული მიდგომები, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა დისტანციურად სრულყოფილი მონაწილეობის მიღება.

წერილში დადებითად არის შეფასებული საქართველოს თავმჯდომარეობის ინიციატივით, ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხზე საქართველოსა და მომავალი ორი თავმჯდომარის მიერ ერთობლივი დეკლარაციის მიღება.

ამასთანავე, წერილის თანახმად, ბალტიის ქვეყნები ადასტურებენ და მომავალშიც მუდმივად გააგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას,  მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც საქართველო მოხვდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის.