დავით ზალკალიანსა და იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ალტერნატიულ პრემიერ-მინიტრ იაირ ლაპიდს (Alternate Prime Minister) შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.
მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების  განვითარების დინამიკა. იაირ ლაპიდმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ისრაელში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მომავალი ვიზიტის ფარგლებში უფრო დეტალურად განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
დავით ზალკალიანმა ისრაელელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში და თავის მხრივ დაუდასტურა მზადყოფნა მისთვის ხელსაყრელ დროს უმასპინძლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით.