დღეს, საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 1 ივნისს.

ქვეყნებს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები ემყარება სხვადასხვა საკონსულტაციო მექანიზმებისა და სამუშაო ჯგუფების, სახელმწიფო უწყებებისა და პარლამენტების პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილებას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მიმართულებით. 

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოსა და ისრაელს შორის ჩამოყალიბდა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და პარტნიორობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო, 2022 წლის მაისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში, რომელმაც არსებულ თანამშრომლობას ახალი დატვირთვა შესძინა. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია  ასევე 2020 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ისრაელში და 2017 წელს ისრაელის პრეზიდენტის, რეუვენ რივლინის ვიზიტი საქართველოში. პრეზიდენტების ვიზიტების გაცვლა კიდევ ერთი დასტური და ხაზგასმა იყო ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზე თანამშრომლობის. 


ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელება დაიწყო 2001 წლიდან. 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმს.

1995 წელს საქართველომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც დღესაც ძალაშია. ისრაელიდან საქართველოში 2011-2021 წლებში შემოსულია 870,190 ვიზიტორი. 2013 წელს, ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ. 2014 წლიდან, საქართველოსა და ისრაელს შორის სრულდება პირდაპირი რეგულარული რეისები.

1990-2018 წლების განმავლობაში დამეგობრების შესახებ დოკუმენტები გაფორმდა შემდეგ ქალაქებს შორის: აშკელონი და ვანი, აშკელონი და ქუთაისი, იერუსალიმი და თბილისი, ბეერშება და ონი, ჯურუათ-მიალიკი და ზესტაფონი, აშდოდი და ბათუმი, კირიათ-იამი და ფოთი, ეილათი და ბათუმი, ნეთანია და ბათუმი.

ქართული დიასპორა ისრაელში 1500-ზე მეტ წელს ითვლის. ქართული დიასპორული სახლებია ქალაქ ლოდში, ბეთლემსა და იერუსალიმში.

2018 წელს ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 27 იანვარი ოფიციალურად გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.