ესტონეთში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „რუსეთი მსოფლიოში: ხედვა და რეალობა“

10.03.2020 ესტონეთი - ესტონეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის შესახებ ბალტიის თავდაცვის კოლეჯის მაღალი დონის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ესტონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.
 
კონფერენცია სახელწოდებით „რუსეთი მსოფლიოში: ხედვა და რეალობა“ 5-6 მარტს ქ. ტარტუში გაიმართა, რომლის პარტნიორებს შორის უკვე მესამედ იყო ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო.
 
სიტყვით გამოსვლისას, არჩილ ყარაულაშვილმა ისაუბრა ბალტიის თავდაცვის კოლეჯთან წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვა 2020 წელს, „რუსეთის შესახებ კონფერენციის“ საელჩოს პარტნიორობის მნიშვნელობას. ელჩმა საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია; საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხორციელდება ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები; საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება პროვოკაციული ქმედებები. შესაბამისად ელჩმა ხაზი გაუსვა ამგვარი ფორუმების მსჯელობებში საქართველოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნების აუცილებლობას.
 
ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ამბიციებიდან გამომდინარე მთავარი გამოწვევებისა და საფრთხეების განხილვას. მასში მონაწილეობენ მაღალი დონის მომხსენებლები აშშ-დან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან - სამხედრო პირები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.