ესტონეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კომპანია „IBCCS TAX“-ის ტალინის ოფისის გახსნის ღონისძიებაში

10.02.2020 ესტონეთი - ესტონეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „IBCCS TAX“ ტალინის ოფისის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში.

„IBCCS TAX“ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ ბიზნესმენებს კომპანიების დარეგისტრირებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ იურიდიულ და საგადასახადო საკითხებში. ტალინში მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი იქნება, ხელი შეუწყოს ესტონელი ინვესტორების მოზიდვას საქართველოში.


ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა და ისაუბრა ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.

ამასთან, საელჩოს მრჩეველმა ერეკლე წიკლაურმა გააკეთა პრეზენტაცია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნეს-გარემოსა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.


ღონისძიებას ესწრებოდა კერძო სექტორში მოღვაწე 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი. ესტონეთის გარდა, კომპანიის „IBCCS TAX“ ოფისები განთავსებულია საქართველოში, კვიპროსში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში.