ევროპარლამენტის ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ

ოთხშაბათს 16 სექტემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი ეყარა ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელსაც მხარი დაუჭირა 552 დეპუტატმა (61 წინააღმდეგ, 78 თავი შეიკავა). ანგარიშის ავტორია (rapporteur) ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს შესახებ - სვენ მიქსერი (ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), ესტონეთი). ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადების გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო და ეს ევროპარლამენტის მეორე ასეთი ანგარიშია. ამ გზით ევროპარლამენტი მონიტორინგს უწევს ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულებას.

ანგარიში მიესალმება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების უწყვეტ გაღრმავებას და აღიარებს პროგრესს საქართველოს მიერ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში, რის შედეგადაც საქართველო ევროკავშირის მთავარი პარტნიორია რეგიონში. 

ანგარიში ასევე მიესალმება საქართველოს მიერ კოვიდ-19 კრიზისის გამკლავებაში მიღწეულ შედეგებს და ხაზს უსვამს იმ ეფექტურ და პრევენციულ ზომებს, რომელიც გაატარა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ. 

ევროპარლამენტარები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მიესალმებიან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონებთან სავაჭრო სფეროში. ამასთანავე ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, მხარი დაუჭიროს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელებას კოორდინირებული დახმარების გზით.

ევროკავშირის კანონმდებლები მოუწოდებენ ევროკომისიას, უფრო მკაფიოდ დასახოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს დაშვების მიზანი, რასაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს. 

ევროპარლამენტის ანგარიში მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას ისევე, როგორც მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების მიმდინარე და უკანონო აღმართვას. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს  თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ევროპარლამენტის ანგარიში ასევე მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედია დაწესებულებების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ შეტევებს, რომლებიც რუსულ აქტორებს უკავშირდება. 

ანგარიში მიესალმება რვა მარტის პოლიტიკურ შეთანხმებას და ამავე დროს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საქართველოში 31 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცლებლობას. ევროპარლამენტი ასევე აღიარებს, რომ საქართველოში მედია გარემო დინამიური და პლურალისტური, თუმცა, ამავე დროს პოლარიზებულია და იქვე უსვამს ხაზს მედიის თავისუფლების აუცილებლობას, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას მედიით სარგებლობის თანაბარი საშუალება ჰქონდეს.