ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში ამბასადორიალის ჩატარების ტრადიცია ხაზს უსვამს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში - დავით ზალკალიანი

 
27.02.2020 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონალური ამბასადორიალი გახსნა, რომელის თბილისში იმართება.   „აღნიშნული ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონალურ განვითარების პროცესებში. მოხარული ვართ, რომ თბილისი ჩვენი ევროპელი პარტნიორების ყურადღების ცენტრშია და უკვე დამკვიდრდა, როგორც რეგიონალური დიპლომატიური შეხვედრების მასპინძელი ქალაქი. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა გერმანელმა და ფრანგმა კოლეგებმა საქართველოში ერთობლივად გამართეს ელჩების კონფერენცია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და  სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად იქცევა“- განაცხადა მინისტრმა.
მინისტრი ასევე მიესალმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვას.
 
საკუთარ გამოსვლაში, დავით  ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ავსტრიასთან პარტნიორობა საერთო ღირებულებებს და ურთიერთ ნდობას ეფუძნება. ხაზი გაესვა, რომ ავსტრია საქართველოს საიმედო პარტნიორთა შორისაა, რომელიც საქართველოსთვის  მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას მუდმივად ახდენს. ასევე, აღინიშნა ავსტრიული მხარის მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ განვითარების პროცესში, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით.
მინისტრმა, კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შავი ზღვის უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით, ევროპის ენერგო-უსაფრთხოების განმტკიცებაში,  ისევე როგორც კრემლის აგრესიული პოლიტიკის მძიმე შედეგებზე რეგიონში.
 
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ განხორციელებული უპრეცედენტო მასშტაბის პროვოკაციებისა, რაც უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გარემოს გამძაფრებისკენ არის მიმართული, საქართველო რეგიონში არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით და ჩამოყალიბდა  როგორც მიმზიდველი საინვესტიციო და ტურისტული დანიშნულების ქვეყანა.


გამოსვლაში ასევე ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობას და ამ კონტექსტში ევროკავშირის როლის მნიშვნელობას.
„ევროპული ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება არის ჩვენი განვითარების ერთადერთი ბუნებრივი გზა და ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტირების საუკეთესო გზა“- განაცხადა მინისტრმა.