ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, საერთაშორისო კონფერენცია “სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ონლაინ ფორმატში გაიმართა

 2020 წლის 6-7 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, ქ. თბილისის მერიისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებული უარყოფითი ტენდენციების (მოქალაქეთა სურვილებსა და საჯარო მოხელეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის მზარდი შეუსაბამობა, ამომრჩეველთა აქტივობის შემცირება და სხვ,.) აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის წარმატებული და ნოვატორული გამოცდილების გამოვლენა და გაზიარება, ასევე, აღნიშნული მიმართულებით ევროპის საბჭოს უნიკალური საქმიანობის წარმოჩენა.

ონლაინ კონფერენციის გახსნით სესიაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი გივიაშვილმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა და ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე საგანგებო თემატური სესია დაეთმო სამოქალაქო ჩართულობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას, რომლის მონაწილეები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი, ქ. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ წარმომადგენელი კახა ბახტაძე და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) ექსპერტი მარიამ სიხარულიძე.
 
ევროპის სხვა ქვეყნების წარმატებული პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარების მიზანს ემსახურებოდა ღონისძიების შემდგომი სესია „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ევროპული გამოცდილებები“, რომლის მონაწილეები იყვნენ შვეიცარიის იურას კანტონის გარემოს დაცვის მინისტრი დავიდ ერე, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, ბელგიის, პოლონეთის და უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები.
 
კონფერენციის ბოლო სესია დაეთმო სამოქალაქო ჩართულობის სფეროში არსებულ საერთაშორისო მიდგომებს და მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის პრეზიდენტმა ანა რურკამ, დემოკრატიისა და მმართველობის ევროპული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკუ მოლარიმ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა  კონგრესის წევრმა თომას ანდერსონმა და გაერო-ს ეკონომიკური კომისიის ევროპის ოფისის გარემოს დაცვითი განყოფილების დირექტორმა მარკო კაინერმა.
 
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფორმატი მომხსენებლებთან ინტერაქციას ითვალისწინებდა და დაინტერესებულ პირებს მათთვის შეკითხვებისა და კომენტარების წერილობით გაგზავნის შესაძლებლობა ჰქონდათ.
 
კონფერენციის დასრულების შემდეგ, ღონისძიების შედეგების გათვალისწინებით, გამოქვეყნდება საქართველოს თავმჯდომარეობის დასკვნები გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის თემაზე.
 
 
კონფერენციის დღის წესრიგის, მომხსენებელთა გამოსვლებისა და დამატებით ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს: https://www.coe.int/participation.
 
 
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის (2019 წლის ნოემბერი-2020 წლის მაისი) ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ზემოხსენებული ღონისძიება ამ პრიორიტეტის ფარგლებში დაიგეგმა. საერთაშორისო კონფერენცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის თემაზე ქ. სტრასბურგში, 2020 წლის 6 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით გადაიდო და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიების ონლაინ ფორმატში ჩატარება გადაწყდა.