ფრონტერასთან ხელშეკრულების გაგრძელებით საქართველომ კეთილი ნება გამოიჩინა, რაც ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებით იყო განპირობებული - ზალკალიანი

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა „ფრონტერასთვის“ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებით იყო განპირობებული.  

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს უმაღლეს შეფასებებს“ - განაცხადა ზალკალიანმა. ამასთან, მისი თქმით, აშშ-სთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. „სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსთვის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით, მათ შორის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე იმ შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების თვალსაზრისით, რომელსაც საქართველო სთავაზობს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, არის გამართლებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ექნება შესაბამისი შეფასება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“ - განმარტა ზალკალიანმა.  

ზალკალიანის თქმით, ფრონტერასთან დაკავშირებული საკითხი ოფიციალურ დონეზე არ განხილულა და ჩვეულებრივ რუტინულ კომერციულ დავას არასდროს ჰქონია მინიჭებული ისეთი დიდი მნიშვნელობა, რომ მას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დაეზიანებინა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ვერ გახდება პრეცედენტული და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვერდიქტი აუცილებლად უნდა აღსრულდეს. 

„ფრონტერასთან ხელშეკრულების გაგრძელებით საქართველოს სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილი ნება დავის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით“ - დასძინა მინისტრმა. 

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.