გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განაგრძობს კოლეგებთან შეხვედრას

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და გაერთიანებული საემიროების მეგობრული და პარტნიორული კავშირები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა.  ხაზი გაესვა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს წრეების მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ და უკვე განხორციელებულ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ სავაჭრო- ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისთვის შესაბამისი სახელშეკრულებო ბაზის მომზადების კუთხით.

აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. მხარეები მიესალმნენ გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის  დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს და აღნიშნეს, რომ საიუბილეო თარიღი კარგი შესაძლებლობაა ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს საქართველოს მოქალაქეების სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლების გამო, რაც ხელს შუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.