გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა ხურვალეთი მოინახულეს

8.05.2018 ხურვალეთი - საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.  ელჩებმა ადგილზე შეაფასეს სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულეს და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. 

,,ელჩები ეცნობიან საქართველოს მიღწევებს და იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.  ბუნებრივია, ასეთ დროს გვერდს ვერ აუვლი იმ პრობლემას,  რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით. დღეს ვიმყოფებოდით ხურვალეთში, სადაც ელჩებმა  თავისი თვალით ნახეს  რუსული ოკუპაციის სახე.  ჩვენ მუდმივად ვახდენთ მსოფლიო თანამეგობრობის - ჩვენი პარტნიორების ინფორმირებას და მათგან არის საკმაოდ დიდი მხარდაჭერა.“ - განაცხადა გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ.

ელჩმა აღნიშნა, რომ გაეროში, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში,  საქართველოს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და მწვავედ დგას. მან კიდევ ერთხელ შეაფასა ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რა დროსაც გაეროში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება გაიმართა.

სამი რეგიონიდან  გაეროს 7 მუდმივი წარმომადგენელი ურუგვაიდან, სენტ-ვინსენტი და გრენადინიდან, შრი-ლანკიდან, ბენინიდან, სენტ-ლუჩიადან, ნამიბიიდან, კონგოდან და ზამბიიდან  საქართველოს 5-12 მაისს სტუმრობს.

მათ შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე  საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან.  უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სტუმრებმა  მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნაც. ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი  რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. გაიმართება ელჩების შეხვედრები კახეთის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.