12.07.2018 ქ. ბრიუსელი - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრას დაესწრო საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს ნატო- საქართველო-უკრაინის შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობაზე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია.
შეხვედრის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტისა და NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.