იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს ეწვია

2022 წლის 5 ივლისს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს ეწვია.  დელეგაციას კავკასიის და სუამ-ის საკითხებში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ტოკუდა შუიჩი ხელმძღვანელობდა.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იაპონელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ასევე წლების მანძილზე საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის.
 
თავის მხრივ  ტოკუდა შუიჩიმ კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების დადებითი დინამიკა. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ეკონომიკურ  თანამშრომლობას და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.  იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში იაპონიისთვის პრიორიტეტული რეზოლუციებისა და კანდიდატურების მხარდაჭერისთვის.
 
მხარეებმა  ასევე მიმოიხილეს გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკა.
 
ტოკუდა შუიჩიმ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე.