ილია დარჩიაშვილი იაპონელ კოლეგას შეხვდა

ქ.ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს იაპონელმა კოლეგამ, იოშიმასა ჰაიაშიმ უმასპინძლა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველო-იაპონიის მრავალწლიან გამორჩეულ მეგობრობასა და პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიც არის ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი.

მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებულ მაღალი დონის კონტაქტებს, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გააქტიურებას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ერთიან ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას და თანამშრომლობის განვითარების ისეთ პოტენციურ სფეროებს როგორიც არის ეკონომიკა, დაკავშირებადობა, მდგრადი განვითარება, ენერგო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტები.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მიმდინარე გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ ეკონომიკური განვითარებაზე და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ასევე აღნიშნეს ის მზარდი როლი რომელიც არსებული გამოწვევების ფონზე აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ენერგეტიკული ფუნქციის გათვალისწინებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს აქვს დიდი და სტაბილური საინვესტიციო პოტენციალი და იაპონური მხარე დაინტერესებულია ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარებით. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, რითიც  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ.
მინისტრები მიესალმნენ  ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდა საიუბილეო წლის აღსანიშნავად.

შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს მემორანდუმს ხანძარსაწინააღმდეგო მანქანების საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ.