ილია დარჩიაშვილი მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქ. კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ გროსუს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაცია და არსებული გამოწვევები იყო.

ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, ხაზი გაესვა საპარლამენტო განზომილების განსაკუთრებულ როლსა და საკანონმდებლო ორგანოს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის, ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ორი ქვეყნის თანამშრომლობის გააქტიურება, განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების ურთიერთგაზიარების კუთხით. ამ მხრივ, მინისტრი მიესალმა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციათა შესრულების პროცესზე, ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე და უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, განიხილეს სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაღრმავების შესაძლებლობები. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დიდ პოტენციალზე.