ილია დარჩიაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

14 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინნიკოვს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესი და არსებული მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა. ასევე, ისაუბრეს ნატო-ს 2022 წლის მადრიდის სამიტის შედეგებზე, საქართველოს კონტექსტში სამიტის გადაწყვეტილებებისა და ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა სამიტის ფარგლებში საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების დოკუმენტის მიღებაზე და ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკის აქტუალობისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივების ჯეროვნად ასახვაზე. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინნიკოვმა დადებითად შეაფასა ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ნატო-საქართველოს ურთიერთქმედების გაღრმავებისა და ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მნიშვნელობას.